X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ტირძნისსა და შინდისში ახალი საბავშვო ბაღები შენდება

14 თებერვალი 2026

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ტირძნისსა და შინდისში - საბავშვო ბაღების ძველი, ამორტიზებული შენობების დემონტაჟის შემდეგ ახალი ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს.

სოფელ ტირძნისში შენდება 150 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე საბავშვო ბაღი. პროექტი ითვალისწინებს სკოლამდელი აღსაზრდელების საჭიროებებზე მორგებული სასწავლო, დასასვენებელი და ადმინისტრაციული ოთახების, სამზარეულოსა და მრავალფეროვანი სათამაშო ეზოს მოწყობას. სრულად განახლდება უსაფრთხოების, გათბობის, ელექტროობისა და საკანალიზაციო სისტემები.

სოფელ შინდისში მიმდინარეობს 100 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. პროექტით გათვალისწინებულია ბავშვების განათლების, სოციალიზაციისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა სივრცე. სასწავლო და მოსასვენებელ ოთახებთან ერთად მოეწყობა სათამაშო და რეკრეაციული ზონები, ეზო და სათამაშო მოედნები. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ადაპტირდება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეები.

ტირძნისის საბავშვო ბაღის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო  ინფრასტრუქტურის მინისტრი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.

ახალი ბაღების მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლამდელი განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში და შექმნის უსაფრთხო, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს ადგილობრივი ბავშვებისთვის.